ქართული მრავალხმიანობა
Overview
საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა. მის ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან სახლობდნენ ქართველური ტომები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობის მანძილზე ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებს გადარჩენისთვის ბრძოლა უხდებოდა დამპყრობლებთან, ან ექცეოდა უფრო ძლიერი და დიდი ქვეყნების მიერ გავლენის გაფართოებისათვის წარმოებული ომების ეპიცენტრში, ქართველმა ერმა გაუძლო ყველა გამოწვევას და შეძლო ეროვნული იდენტობის ისეთი ელემენტების შენარჩუნება, როგორებიცაა: ენა, უნიკალური დამწერლობა, თვითმყოფადი არქიტექტურა, ლიტერატურული, მუსიკალური, ქორეოგრაფიული ფოლკლორი და ა.შ.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და კვლევების თანახმად აქ ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში ევროპული წარმოშობის ჰომინიდები ცხოვრობდნენ. მეცნიერების მტკიცებით ეს ევროპის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია.
ვინიადიან ადამიანის ეს უძველესი ნაშთები აღმოჩენილი იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, მკვლევარებმა მათ ძველი ქართული სახელები, ზეზვა და მზია შეარქვეს. მათი ნახვა კი დმანისის მუზეუმ-ნაკრძალშია შესაძლებელი. არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე, ამიტომ საკუთარი წარსულით სიამაყე და მისდამი პატივისცემა თითქმის ყველა ქვეყანას ახასიათებს, მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა.
ქართველებს ეამაყებათ, რომ ისეთი განვითარებული და ძლიერი ევროპული სახელმწიფო, როგორიც იყო რომის იმპერია, ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ რომის იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა (138-162 წწ.) უმასპინძლა ქართლის (იბერიის) სამეფოს მეფე ფარსმან მე-3 ქველს, რის შემდეგაც იმპერატორის ბრძანებით ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ძეგლი დაიდგა რომის ცენტრში.
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით საქართველოში არაერთმა ევროპელმა იმოგზაურა და ქვეყნის შესახებ შთაბეჭდილებების აღწერას გარკვეული ადგილი დაუთმო საკუთარ ნაშრომებში. მათ შორის იყვნენ ფრანგი ჟან შარდენი, იტალიელი დონ კრისტოფორო დე კასტელი, ფრანგები, ჟაკ ფრანსუა გამბა, ალექსანდრე დიუმა და სხვა; უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობის განვითარებაში ბრიტანელ ოლივერ და მარჯორი უორდროპებს, გერმანელ არტურ ლაისტს,
რომლის შესახებაც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: „არტურ ლაისტი ის კაცია, რომელმაც კისრად იდო შუა კაცობა გაგვიწიოს ჩვენსა და ევროპას შორის“
ქართული კულტურა, რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია ქრისტიანული აღმოსავლეთის სავსებით უნიკალურ მოვლენად მიიჩნევდა, მრავლფეროვანი და თვითმყოფადი, მაგრამ ამავდროულად ევროპულ ფესვებზე აღმოცენებული ფენომენია, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
მას საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა რთულ და საინტერესო ისტორიულ პირობებში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზავიების მიჯნაზე, მდიდარი ტრადიციების, ძლიერი ეროვნულიიდენტობის ნიადაგზე. უძველესი ქართული ლიტერატურული, ისტორიული, თუ რელიგიური ტექსტები უნიკალურ ქართულ დამწერლობაზეა შექმნილი. ქართული კულტურა ვითარდებოდა ქვეყნის ისტორიასთან ერთად, ეს უზრუნველყოფდა ძლიერ ეროვნულ თვითმყოფადობას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს განსაკუთრებულობის შენარჩუნებას, მიუხედავად სხვადასხვა დროისა და ყაიდის დამპყრობელთა არაერთგზის მცდელობისა, მოეხდინათ მისი ასიმილაცია და გაქრობაც კი.
თუმცა ქართული კულტურის უნიკალურობა არ გამორიცხავს გარკვეული მსგავსებების არსებობას ევროპული ქვეყნების კულტურის ამა თუ იმ დარგებში, რაც, ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.
მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ ქართული და ევროპული პოლიფონიის ზოგიერთი ასპექტი.
პოლიფონია არის ორი ან რამდენიმე დამოუკიდებელი, ფუნქციურად თანასწორუფლებიანი მელოდიის ერთდროული ჟღერადობა. პოლიფონიური მუსიკისთვის დამახასიათებელია ინტელექტუალიზმი, მხატვრულ-სახეობრივი განზოგადება, ობიექტურობა და ერთაფექტიანობა. მისთვის დამახასიათებელია მუსიკალური მასალის უწყვეტი განვითარება, საწყისი ხასიათის ნაკლებინტენსიური გარდაქმნა.
საქართველოში არსებობს პოლიფონიის სამი ტიპი. ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მსგავსებები ქართულ პოლიფონიასა და ევროპულ კულტურას შორის . ამასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მივაქციოთ დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი გურული ხალხური სიმღერების კიდევ ერთ სპეციფიკურ თავისებურებას. ესაა თავისებურება, რომელიც ძირითადად არამიმზიდველია გაუთვითცნობიერებული მსმენელისათვის. ესაა სიმღერის სპეციფიკური ტექნიკური მანერა, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს უწოდებენ.სიმღერის ამ მანერას ხშირად ადარებენ ხოლმე ალპურ იოდლს. ეჭვსგარეშეა, რომ მსგავსება ამ ორ მოვლენას შორის არის, რადგანაც ორივეგან არის რეგისტრის მკვეთრი ცვლილებები მკერდისმიერ და თავისმიერ ხმებს შორის, მისწრაფება დიდი ინტერვალებით ნახტომებისაკენ, ტიპიური ლეგატოს ტექნიკა. ალპური იოდლი და ქართული მრავალხმიანი სიმღერა სხვადასხვა მიზნით წარმოიშვა. ძველ დროში იოდლით მწყემსები ნახირს ეძახდნენ , ან ალპურ სოფლებთან ამყარებდნენ კომუნიკაციას , ხოლო დღეს იგი შვეიცარიის ტრადიციული მუსიკის შემადგენელი ნაწილია . საუკუნეების განმავლობაში , ქართველებმა სიმღერები ყოველდღიური ცხოვრების ყველა საქმიანობისთვის შექმნეს და შთამომავლობას ზეპირად გადასცეს . დღეისათვის ქართული პოლიფონიური სიმღერა იუნესკოს კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრადაა აღიარებული.
ჩაკრულო – ქართული (ქართლ-კახური) კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური, სუფრული სიმღერა. ბურდონული მრავალხმიანობის (სამხმიანობის) ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია.1977 წელს გაშვებულ ავტომატურ საპლანეტათშორისო სადგურებზე „ვოიაჯერ-1-სა“ და „ვოიაჯერ-2-ზე“ მოთავსებულ ორ იდენტურ გრამფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“ შეტანილია ჩაკრულოც.
ზოგჯერ ქართული სიმღერები სრულდება შემდეგნაირად: მომღერლები იყოფიან ორ ჯგუფად, ერთში არიან მხოლოდ სოლისტები, მეორეში კი ერთიანდება მთელი გუნდი. ორივე ჯგუფი ერთმენათს ენაცვლება სიმღერაში. შესაბამისად ჩვენ აქ გვაქვს უცნაური ანალოგია იმ მრავალგუნდიანი სტილისა, რომელიც ცნობილია ჩვენთვის მაღალი რენესანსისა და ადრეული ბაროკოს მრავალხმიან სტილში, თუმცა მნიშვნელოვანი განხვავება ამ ორ სტილს შორის არის ის, რომ საქართველოში ეს მრავალგუნდიანი შესრულება შეიქმნა წმინდა ფოლკორულ ნიადაგზე. ერთ-ერთია ასეთი სიმღერაა „ოდოია“.
აღსანიშნავი ფაქტია ისიც რომ, შეიმჩნევა ძალიან დიდი მსგავსება ქართულ და კორსიკულ ხალხურ სიმღერებს შორის. მსგავსება იმდენად დიდია რომ შეიძლება მსმენელმა ვერც კი გაარჩიოს ეს ორი ერთმანეთისაგან.
მკვლევარებს შორის მუდამ დიდ გაკვირვებას იწვევდა ქართული პოლიფონიის მსგავსება, კავშირი, პარალელები შუა საუკუნეების ევროპულ მრავალხმიანობასთან. ასეთი კავშირების არსებობა იმით შეიძლება აიხსნას რომ საქართველო მეოთხე საუკუნიდან იყო ქრისტიანული ერთობის წევრი, და მრავალი საუკუნის განმავლობაში მას ჰქონდა აშკარა დასავლური (ევროპული) ორიენტაცია.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაც არის დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.ყოველივე ეს მიუთითებს ძლიერ ქართულ-ევროპულ ურთიერთობაზე.