ქართული სუფრა

Year
2019
Storyteller
Contact name
?????? ???????????
Participants
Share:
Overview
საქართველო გამორჩეულია თავისი ტრადიციებით, რომელთაც საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა. ისინი ევროპულ და აზიურ კულტურათა უთიერთკავშირით იქმნებოდა, რასაც, თავის მხრივ, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა განაპირობებდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული ტრადიცია გახლავთ ქართული სუფრა, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ უძვირფასეს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და საქართველოს სავიზიტო ბარათად. სწორედ ამიტომ დაიმსახურა ამ საინტერესო კულტურულმა ფენომენმა ჩვენი ყურადღებაც. ქართული ტრადიციული სუფრა შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან, ესენია: სადღეგრძელო, სიმღერა, ქართული კერძები და ღვინო (მთის რეგიონებში ღვინის მაგივრად გავრცელებულია ლუდი). მათი ჰარმონიული შეხამება ქმნის გარემოს, რომელიც არც ერთ უცხოელ სტუმარს არ ტოვებს გულგრილს. უფრო დაწვრილებით მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი : სადღეგრძელო ქართული სუფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მას სხვა მრავალი ქვეყნის სუფრისგან განასხვავებს. ის სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: დაღუპულთა მოსაგონარი, ცოცხალთა დასალოცი, ღირსეული საქციელის წამქეზებელი ან ღმერთის სადიდებელი. თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს და მათ პირველად, გარკვეული თანმიმდევრიბით, ამბობს თამადა, რომელსაც მასპინძელი ირჩევს თანამეინახეთა რიგებიდან. თამადა სუფრის უფროსია და ის აკონტროლებს დისციპლინას, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვან სუფრასთან მსხდომებმა. აღსანიშნავია, რომ თამადაც უშუალოდ ქართული სუფრისთვის დამახასიათებელი ფენომენი და მისი განუყოფელი ნაწილია. ქართული სუფრის მეორე აუცილებელი კომპონენტი გახლავთ სიმღერა, რომელიც სრულყოფილებას სძენს ესთეტიკურ მხარეს. ის განსხვავებულია საქართველოს კუთხეების მიხედვით, თუმცა მას ყველგან სამზე მეტი კაცი ასრულებს. „მრავალჟამიერი” და „ჩაკრულო” ქართლისა და კახეთის ყველაზე გავრცელებული სუფრული სიმღერებია. აჭარასა და გურიაში მღერიან „ჰასანბეგურას”. მეგრულ სუფრებზე ხშირად მოვისმენთ “გეშვიას”, მოხეურ-მთიულურ სასიმღერო დიალექტში დამკვიდრებულია სიმღერა “სმური”, ხოლო რაჭულ სასიმღერო დიალექტში – “ასლანური მრავალჟამიერი”. მესხეთში მღერიან “მამლი მუხასა” და “წასვლა სჯობს წამავალისა”. აღსანიშნავია, რომ გურიაში, ასრულებენ ოთხხმიან სიმღერებს, რომლებსაც ანალოგი არ გააჩნიათ მსოფლიო კულტურებში. მეოთხე ხმას კრიმანჭული ეწოდება. საუკუნეების განმავლობაში ქართული სუფრული სიმღერები მცირედ შეიცვალა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, უფრო მეტად კი – ქალაქებში. საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მრავალი ეროვნების ადამიანთა საცხოვრებელი ადგილი იყო, გავრცელდა აზიური საკრავი დუდუკი. მისმა აკომპანემენტმა სიმღერას მეტისმეტად სევდიანი ჟღერადობა შესძინა. სიმღერის ამ მიმდინარეობას ხშირად “თბილისურსაც’’ უწოდებენ. მეფის რუსეთის საქართველოზე ბატონობის პერიოდში ქალაქ ქუთაისში, რომელიც დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გახლდათ, სწრაფად გავრცელდა გიტარა, რომელმაც ქართულ სუფრას ევროპული ჰანგები შემატა და უფრო დააახლოვა იგი დასავლურ კულტურასთან. ცხადია, სუფრა წარმოუდგენელია გასტრონომიული ელემენტის გარეშე, ამიტომ მიზანშეწონილია, ვისაუბროთ ქართულ სამზარეულოზე, ტრადიციული სუფრის მესამე კომპონენტზე, რომელიც, კუთხეების მიხედვით, მრავალფეროვანი და განსხვავებულია: სამეგრელოში გავრცელებულია ღომი, ელარჯი, გემჟალია და მეგრული ხაჭაპური. ყველაზე პოპულარული იმერული კერძებია საცივი და იმერული ხაჭაპური. სვანურ სუფრაზე აუცილებლად ვნახავთ კუბდარს, ხოლო რაჭულ სუფრაზე - შქმერულს. საქვეყნოდ ცნობილია გურული ღვეზელი და აჭარული ხაჭაპური. საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის სავიზიტო ბარათებია ხინკალი და მწვადი, ხოლო კახური სუფრის განუყოფელი ნაწილია ხაშლამა. ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ მრავალფეროვანი და საინტერესო მესხური სამზარეულო გამორჩეულია თავისი აპოხტის ხინკლითა და მესხური ქადით. ბოლო დროს ქართულ სუფრაზე შესაძლებელი გახდა ევროპული კერძების დაგემოვნებაც, რომლებმაც მენიუ მრავალფეროვანი გახადა. ქართულ სუფრაზე გაჩნდა დესერტი ნამცხვრების სახით, რომელთა უმეტესი ნაწილი ევროპიდანაა შემოსული. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კერძების მრავალფეროვნება, სადღეგრძელოსა და სიმღერისგან განსხვავებით, არ არის ის ფაქტორი, რომელიც სუფრასთან მსხდომთა განწყობას განაპირობებს. ტრადიციული ქართული სუფრა წარმოუდგენელია ქართული ღვინის გარეშე, რომელიც თავისი ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. ღვინო, ისევე, როგორც კერძი, მრავალი სახისაა და მისი დამზადების ქართული ტექნოლოგია ათასწლეულებს ითვლის. აღსანიშნავია ისიც, რომ ღვინის სახელწოდება სწორედ ქართული სიტყვიდან არის წარმოქმნილი და გავრცელებული მრავალ ქვეყანაში, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. სხვადასხვა კუთხეში ღვინის სხვადასხვა სახეობაა დამკვიდრებული, რომლებიც განსხვავებული ჯიშის ყურძნისაგან მიიღება. სამეგრელოში ამზადებენ “ოჯალეშს”, იმერეთში კი – ცოლიკაურს. “ტვიში” ლეჩხუმური სუფრის განუყოფელი ნაწილია. გურული სუფრის დამახასიათებელია ღვინო “ჩხავერი”, ხოლო რაჭულისთვის – “ხვანჭკარა”. შიდა ქართლში გავრცელებულია “დირბულა” და “ატენური”. კახურ სუფრაზე კი ყოველთვის არის “საფერავი” და “რქაწითელი”. ქართული სუფრის შემადგენელი კომპონენტების განხილვა გვარწმუნებს ამ ფენომენის უნიკალურობაში. რახან უკვე ვისაუბრეთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ქართული სუფრის განსაკუთრებულობას განაპირობებს, ვფიქრობ, დრო დადგა, ვისაუბროთ ქართულ და ევროპულ სუფრებს შორის არსებულ მსგავსებებზე ეტიკეტის კუთხით. არც ქართულ და არც ევროპულ სუფრებში არ არის მიზანშეწონილი ზედმეტი ალკოჰოლის მიღება, რადგან პიროვნებამ საკუთარი თავის კონტროლი უნდა შეძლოს. საქართველოში გადაჭარბებულ სმად ითვლება, როდესაც ადამიანს სუფრიდან ადგომისას ფეხი აერევა და ბარბაცით დაიწყებს სიარულს. ქართული და ევროპული სუფრების კიდევ ერთი მსგავსება მოსმენის კულტურაში გამოიხატება. დიდ უზრდელობად მიიჩნევა, როდესაც სადღეგრძელოს თქმის დროს სხვა ადამიანი დაიწყებს საუბარს. ეტიკეტის ნორმა მოითხოვს, მოვუსმინოთ ყველა სადღეგრძელოს, როგორი უინტერესოც უნდა იყოს იგი. მასპინძლისადმი პატივისცემა ქართულ სუფრაზე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ევროპულზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი რამის მოთხოვნა, რაც სუფრაზე არ არის თუ, რა თქმა უნდა, თავად მასპინძელი არ შემოგვთავაზებს და, ამასთან ერთად, არ უნდა შევიმჩნიოთ, თუ რომელიმე კერძი არ მოგვეწონება, სხვა შემთხვევაში, ეს მასპინძლისადმი უპატივცემულობას გაუსვამს ხაზს. ეტიკეტის ნორმების ამგვარი მსგავსება მიუთითებს იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც არსებობს ქართველ და ევროპელ ხალხს შორის. ჩემი აზრით, სუფრას უდიდესი სოციალური როლი აკისრია ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ის ადამიანებს ეხმარება ურთიერთობების დამყარებასა და განმტკიცებაში, რადგან სუფრასთან მსხდომები საუბრობენ მრავალ თემაზე, იძენენ ახალ მეგობრებს და ხვდებიან დიდი ხნის უნახავ ახლობლებს. ამასთან ერთად, ქართული სუფრა წარმოადგენს ერთგვარ საასპარეზოს საზოგადოების გრკვეული ნაწილისთვის. ხალხი ეთმანეთს ეჯიბრება სიმღერაში, ცეკვაში, ლექსებისა და სადღეგრძელოების თქმაში. ამგვარი შეჯიბრებები ახალგაზრდებში ამაღლებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარების მოტივაციას, რადგან გამარჯვებულები დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ თანამეინახეთა შორის. ქართული სუფრა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი წყალობით ახალგაზრდები სწავლობენ საზოგადოებაში ქცევის წესებს. მათ სუფრასთან სხდომისას აქვთ გარკვეული მოვალეობები, მაგალითად: სუფრაზე ღვინის დაცლის შემთხვევაში ყველაზე ახალგაზრდამ უნდა მოიტანოს იგი. ისინი ყურადღებით უსმენენ უფროსებს, რათა ზედმიწევნით შეისწავლონ სუფრის ეტიკეტი და გაეცნონ მორალურ-ეთიკურ ღირებულებებს, რაც მომავალში საშუალებას მისცემს, გახდნენ სუფრის სრულფასოვანი წევრები და ეს ღირებულებები გადასცენ მომავალ თაობას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით ქართული სუფრა განიცდის დეგრადაციას და კარგავს თავის უნიკალურობას, რაც გარკვეული ფაქტორებით არის გამოწვეული: უპირველესი მიზეზი ქართული სუფრის დეგრადაციისა გახლავთ თამადის ინსტიტუტის დეპოპულარიზაცია. დღეს ძალიან ცოტა ახალგაზრდა თუ არის თამადობის ხელოვნებით დაინტერესებული და, შესაბამისად, თანამედროვე ქართულ სუფრაზეც მაღალი დონის თამადის დეფიციტია. გამოუცდელი თამადა კი ვერ ახერხებს მეთვალყურეობას, თუ როგორ იცავენ თანამეინახენი ეტიკეტს, რასაც სუფრა ქაოსამდე მიჰყავს, მაგალითად: გადაჭარბებული ღვინის სმის შედეგად ხშირია ფიზიკური დაპირისპირება, ვერ ხერხდება სადღეგრძელოების თქმა ხმაურის გამო და ა.შ. ქართული სუფრის დეგრადაციის მეორე მიზეზი მისი ჩანაცვლებაა სუფრის სხვა მოდელებით. ევროპულმა „ალა-ფურშეტმა“ დიდი ჩრდილი მიაყენა მის პოპულარულობას, რადგან იგი სულ უფრო ხშირად იმართება სხვადასხვა კონფერენციასა თუ ბანკეტზე. აგრეთვე, გავრცელდა „შვედური მაგიდაც“, რომელიც ძირითადად სასტუმროს მომსახურებაში შედის ხოლმე. სწორედ ამის გამო ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ქართული ტრადიციული სუფრისადმი ინტერესს არ იჩენს, რაც ჩემთვის სამწუხაროა. ზემოთ ხსენებული მიზეზების აღმოფხვრისა და მოსალოდნელი შედეგების პრევენციის მიზნით ქართველმა საზოგადოებამ უნდა მოახერხოს ქართული სუფრის პოპულარიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შეჯამებისთვის, ქართული სუფრა არის წინაპართა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანატოვარი. იგი გვეხმარება ურთიერთობების გაუმჯობესებაში. მისი წყალობით ვსწავლობთ იმ მორალურ-ეთიკურ ღირებულებებს, რომლებიც ოდითგანვე მოსდგამდათ ჩვენს წინაპრებს და ისინი იმ ევროპული ღირებულებების ნაწილია, რომელთაც ათასწლეულების განმავლობაში ქმნიდა დასავლური საზოგადოება. ამ ფენომენის დაცვა ისევე, როგორც ყველა კულტურული მემკვიდრეობისა, ჩვენი და მომავალი თაობების პრიორიტეტი უნდა გახდეს, რათა შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა და ამით დავიმკვიდროთ ადგილი ევროპულ ოჯახში. ამირან არბოლიშვილი სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი