სვეტიცხოველი - ნიჭის ღვთიური ქმნილება
Overview
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემონახულთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქ_ოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა და დღეს ღირსეულ ადგილს იკავებს იუნესკოს სიაში სვანური კოშკების და დიდ კათედრალთა გვერდით. სვეტიცხოველი როგორც ხუროთმოძღვრების უძველესი ძეგლი დიდ არამატერეალურ სიმდიდრეს წარმოადგენს ქართველი ერისთვის. ნაგებობამ არაერთი უცხოელი და ქართველი ექსპედიციური ჯგუფების ყურადღება მიიპყრო. მე_19 საუკუნეში ასევე სიძველეებით დაინტერესებულ მკვლევართა ინტერესის ობიექტად იქცა.
შეხედე ტაძარს სვეტიცხოვლისა,
სადაც იწვება უკვდავი ღვენთი,
მაშინ იწამებ გარე ყოვლისა,
რომ აქ ოდესმე ყოფილა ღმერთი.
მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთააღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა (ქართლის) - აღმოსავლეთში და კოლხეთის - დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში.
მცხეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა და აქ მოდიოდნენ ან გადადიოდნენ მეფეები, ელჩები თუ დესპანები, ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე: ცაში აჭრილი ქართის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა: ბერძენ, რომაელ, ებრაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს.
მცხეთა ქრისტიანობამდეც ჩვენი ქვეყნის სულიერი ცენტრი იყო, აქ იდგა: არმაზის, ზადენის, გაცის, გაიმის, აინანას, დანანას და აფროდიტეს კერპები. ამიტომ, ბუნებრივია, მცხეთა და მისი რეგიონი ძალზე მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, არქეოლოგიური მონაპოვრებით. ქალაქისა და მისი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლი, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს მცხეთის საპატრიარქო ტაძარს - სვეტიცხოველს.
სვეტიცხოველი - ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.ცნობილია, რომ მე-4 ს-ის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე მის განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი აიგო სწორედ ამ ადგილას, მდინარეების - მტკვრისა და არაგვის შესართავთან, „წმინდა ჭალაში“, ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მითითებით IV ს-ის 30-იან წლებში. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა, რაც ტაძარში ბოლო ხანს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგაც დადასტურდა. აქ აღმოჩენილი ხის სვეტების ნაშთები მეცნიერებმა IV საუკუნით დაათარიღეს, რითაც საშუალება მოგვეცა დარწმუნებით გვეთქვა, რომ მირიან მეფის ბრძანებით აგებული სვეტიცხოველი ხის ნაგებობა ყოფილა.
V ს-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა - ე.ი. გახდა ავტოკეფალური (მანამდე იგი ანტიოქიის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა). ამ დროიდან მცხეთა უკვე ცხადდება საპატრიარქო რეზიდენციად, კათედრით სვეტიცხოველში. ქალაქი ამ დროს წარმოადგენდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანობის ცენტრს. პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა ქრისტიანული რელიგიის როლსა და ავტორიტეტს, რის გამოც ვახტანგ გორგასლის ბრძანებით V ს-ის ბოლოს მის ადგილზე ააგეს დიდი ზომის ქვის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომლის ზომებიც ბევრად აღამატებოდა იმხანად ცნობილ ეკლესიებს: წილკნის, ბოლნისის, ხაშმის და სხვა. ვახტანგისეული ნაგებობიდან დღემდე თითქმის აღარაფერი შემორჩა, რადგან დროთა განმავლობაში ძალზე დაზიანებულა. XI ს-ის დამდეგისათვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება.
გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-გადაკეთებას ხელი მოჰკიდა ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ I-მა. მისი ბრძანებით XI ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა გადააკეთა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად. სწორედ არსუკისძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული, გარკვეული ცვლილებებით.აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტრაგიკულმა ისტორიამ ყველაზე მძიმე დაღი დაასვა ტაძრის გუმბათს: XIII ს-ის დასასრულს (1283 წ.) საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩამოიქცა. იგი შეაკეთა გიორგი ბრწყინვალემ XIV ს-ის პირველ ნახევარში. გუმბათი მეორედ ჩამოაქციეს თემურ-ლენგის მეომრებმა XIV ს-ის ბოლოს.
ცნობილია, რომ ამ შუა აზიელმა დამპყრობელმა 8-ჯერ ილაშქრა საქართველოში. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მას აუოხრებია სვეტიცხოველი. „შეჰკადრა და ბილწითა ხელით ხელჰყო დარღვევად და მოოხრებად სვეტიცხოვლისა შინაგან და გარეთ“ - გადმოგვცემს მემატიანე. ზოგიერთი ცნობით, ეს თავდასხმა მომხდარა 1387 წელს, მე-2 შემოსევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველს სხვა დროსაც არაერთი ამაოხრებელი თავდასხმა განუცდია, თემურლენგის მიერ სვეტიცხოვლის აოხრება ყველაზე გამანადგურებლად ითვლება. მისმა ურდოებმა არა მარტო მოანგრიეს ტაძრის გალავანი, გაძარცვეს ოქროთი მოპირკეთებული ემბაზი, სამალავებში დაცული განძეულობა და ბიბლიოთეკა, არამედ გადაწყვიტეს თვით ტაძრის დანგრევაც. ამ მიზნით, თემურლენგის ბრძანებით მოანგრიეს სვეტიცხოვლის ბურჯები, მაგრამ ტაძარი არ დანგრეულა, ჩამოიქცა მხოლოდ გუმბათი.
ალექსანდრე პირველს აღუდგენია თემურლენგის მიერ დანგრეული ბუნჯებიც, მაგრამ აღდგენისას ეს ბურჯები, გამაგრების მიზნით, უფრო გაამსხვილეს და ამით თავიანთი პირვანდელი სილამაზე დაუკარგეს. თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა XI ს-ისა და XV ს-ის ბურჯებს შორის, ეს კარგად ჩანს დღესაც. XI ს-ში თაღები უფრო მაღლები, ხოლო ბურჯები უფრო ნატიფები და ლამაზები ყოფილან, კარგად ჩანს ისიც, რომ დასავლეთის მკლავის სამი თაღიდან დატოვებულია მხოლოდ ორი, ამიტომ თუ თავდაპირველ თაღებს შორის მანძილი თანაბარი იყო, XV ს-ის რესტავრაციის შემდეგ ერთ-ერთი მათგანის ბიჯი ორჯერ ჭარბობს მეორისას.გასულ საუკუნეში სვეტიცხოველში არაერთი არქეოლოგიური სამუშაო ჩატარდა. 2000-2001 წლების განმავლობაში სვეტიცხოვლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური პერიოდის აკლდამა (III-IV), სადაც არქეოლოგებმა ნახეს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, მინის და სხვა მინერალებისგან დამზადებული ნივთები. მათ შორის, საყურადღებოა ვერცხლის საწერი ხელსაწყო, რომლის მსგავსი საქართველოში მანამდე არ ყოფილა აღმოჩენილი.
სვეტიცხოველში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს, ასე რომ სვეტიცხოველი კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.
დღეს სვეტიცხოველი აღმართულა, როგორც ქართველი ხალხის შემოქმედების, მისი მდიდარი ფანტაზიის მღაღადებელი, როგორც ხელოვნების, ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი და, მართლად, პოეტისა არ იყოს:
„საქართველოა
რა საქართველო?
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო“.„მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა საქართველოში, მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველმყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად IV საუკუნეში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება“ - აღნიშნავდა დიდი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი.
ვალერიან მამუკელაშვილი
ცაში ატყორცნილი სვეტიცხოველი მარტო კულტურის კი არა, არამედ ყველა ადამიანური გრძნობის ხორცშესხმული ძეგლიცაა. კონსტანტინე გამსახურდიამ სიბრძნით გაღღენთილი ოქროს კალმით დაწერა ქართული ლიტერატურის შედევრი.
ჩემი სვეტიცხოველი არსაკიძის მოკვეთილი მარჯვენა და ცბიერი ფარსმანის სიბრძნეა. გიორგი 1_ის შორით ტრფობაა, აკრძალული ტრფობა. ჩემი სვეტიცხოველი უტას გულწრფელი__ბავშვური სიყვარული და "უშიში ვითარცა უხორცო" მეფის სიმბოლოა. სვეტიცხოველი უთქმელი, გაუმჟღავნებელი სიყვარულის, ზებუნებრივი სიბრძნის და იმ ღვთიური ტალანტის სიმბოლოა რომელიც საუკუნეებს არათუ უძლებს, არამედ წინ უსწრებს. სვეტიცხოველი თვით ნაადრევად შობილი რენესანსია, ოსტატობის და ხუროთმოძღვრების უძველესი, უპრეცენდენტო ნიმუში ევრობაში და შორეულ აზიაში.
და მაინც "ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.”