რა მნიშვნელობა აქვს ევროპულ რეფორმებს?
Overview
ჩვენს დროში ბევრი ლაპარაკია იმაზე, კარგია თუ არა ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოება. ზოგი ამას ემხრობა, ზოგიც არა. მაგრამ ევროპული ცივილიზაციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების მიუხედავად ისტორიული ფაქტი ერთია: შუა საუკუნეების შემდეგ მხოლოდ ის ქვეყნები და ხალხები წავიდნენ წინ, რომლებმაც ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა შეძლეს. ხოლო ის ქვეყნები და ხალხები, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს, არამედ თავიანთ წარსულში ჩარჩნენ, უკეთეს შემთხვევაში განვითარებული სახელმწიფოების შემადგენლობაში მოექცნენ, ხოლო უარეს შემთხვევაში საერთოდ განადგურდნენ. ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის და ხალხის წინაშე უბრალო არჩევანი დგას: ან ევროპულ სტილზე გარდაქმნა, აქედან გამომდინარე განვითარება და წინსვლა, ან ცხოვრება ძველი და დრომოჭმული-შუა საუკუნეების შეხედულებებით, ტრადიციებით, წეს-წყობილებით და ტექნოლოგიებით, აქედან გამომდინარე ჩამორჩენილობა, სიბნელე, სიღატაკე და მონობა. ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ ეს ასე არაა, დაასახელოს თუნდაც ერთი სახელმწიფო, რომელმაც არ გაატარა ევროპულ რეფორმები და მან ახალ დროში რაიმე გამარჯვება მოიპოვა. არსებობს ასეთი ქვეყანა სადმე მსოფლიოში?
მსურს მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად. 1853 წლამდე იაპონია იყო ჩამორჩენილი ფეოდალური სახელმწიფო აზიის ბოლოში, რომელსაც სამხედრო დიქტატორები-სიოგუნები მართავდნენ ტოკუგავების ფეოდალური საგვარეულოდან. ტოკუგავების მმართველობის დროს იაპონია იყო ჩაკეტილი ქვეყანა. ანუ აკრძალული იყო ერთი მხრივ იაპონიაში უცხოელების ჩასვლა და მეორე მხრივ უცხოეთში იაპონელების წასვლა. ყველას, ვინც ამ აკრძალვას დაარღვევდა სიკვდილით სჯიდნენ. გარდა ამისა, იაპონიაში აკრძალული იყო ცეცხლსასროლი იარაღის და სხვა ახალი ტექნოლოგიების დამზადება ან შეტანა. ამიტომ 1853 წლისთვის იაპონელები მხოლოდ ცივი იარაღით-ხმლებით, ხანჯლებით, შუბებით და მშვილდ-ისრებით იყვნენ შეიარაღებულები.
1853 წელს იაპონიის ნაპირებს ამერიკული გემები მიადგნენ, რომლებიც იმ დროისთვის უახლესი ზარბაზნებით იყვნენ შეიარაღებულები. იაპონელებს თავიანთი ხმლებით და ხანჯლებით არ შეეძლოთ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ იძულებულნი გახდნენ, რომ თავიანთი ნავსადგურები ამერიკული გემების და ვაჭრებისთვის გაეღოთ. ამერიკელებს ევროპის ქვეყნებიც მიყვნენ და იაპონია რეალურად აღმოჩნდა დასავლური სახელმწიფოების მხრიდან კოლონიზაციის, ანუ დაპყრობის საფრთხის წინაშე. ასეთ პირობებში იაპონიის მმართველებმა და მთელმა ხალხმა ნათლად დაინახა ერთი მხრივ მათ წინაშე არსებული საფრთხე და მეორე მხრივ ევროპული გარდაქმნების აუცილებლობა და სწრაფ მოქმედებაზე გადავიდნენ.
1868 წელს ტოკუგავების დრომოჭმული მმართველობა დაემხო. აღდგა იმპერატორის ძალაუფლება. დამყარდა მეიძი, ანუ განათლებული მმართველობა. დაიწყო იაპონიის სწრაფი და ყოველმხრივი რეფორმირება და გარდაქმნა ევროპულ სტილზე.
პირველ რიგში გაუქმდა დრომოჭმული ფეოდალური წესები. იაპონიაში შემოიღეს ევროპული კონსტიტუცია და კანონები. დანერგეს ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და საგანმანათლებლო სისტემები, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევები. ამ მიზნით ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან იაპონიაში მიიწვიეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მეორე მხრივ კი ნიჭიერი იაპონელი ახალგაზრდები გააგზავნეს დასავლურ უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად. ამ ყველაფერმა ძალიან მალე გამოიღო თავისი შედეგი და მოხდა ერთი შეხედვით დაუჯერებელი რამ: თუ 1853 წლისთვის იაპონიას ერთი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი არ გააჩნდა, 1904-1905 წლებში იაპონიამ ომი მოუგო და ტერიტორიები წაართვა იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს-რუსეთის იმპერიას. თუ მთელი აზიის კონტინენტი ევროპული ქვეყნების კოლონიურ და ნახევარ კოლონიურ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, იაპონიამ არამარტო აიცილა თავიდან ასეთი ხვედრი, არამედ თავად დაიწყო საკუთარი კოლონიური იმპერიის შექმნა შორეულ აღმოსავლეთში. მართალია მეორე მსოფლიო ომში იაპონია დამარცხდა და ატომური ბომბებით იქნა დაბომბილი, თუმცა დღემდე ეს ქვეყანა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოა ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თვალსაზრისით. ეს კი იმის მიუხედავად, რომ იაპონიას თითქმის არავითარი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია. ესაა კუნძულოვანი ქვეყანა შეზღუდული ტერიტორიებით. რაც ყველაზე მთავარია, იაპონია იმყოფება სეისმურად აქტიურ ზონაში, სადაც მუდმივად ხდებოდა და ხდება დამანგრეველი მიწისძვრები და ცუნამები უზარმაზარი მსხვერპლით და ზარალით.
აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში-მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპული რეფორმები საქართველოშიც გატარდა: გაუქმდა დრომოჭმული ბატონყმობა და ფეოდალიზმი, გავრცელდა კაპიტალისტური ურთიერთობები, ასევე გავრცელდა ევროპული განათლება და კულტურა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევები. სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. აქედან ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა ისტორიულად გარდაუვალია. მაგრამ იმ ხალხებმა, რომლებმაც მოახერხეს და თავიანთი ქვეყნები და სახელმწიფოები ევროპულ სტილზე თვითონ გარდაქმნეს დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს და დიდად გაძლიერდნენ. ხოლო ვინც დამოუკიდებლად ევროპული რეფორმების გატარება ვერ შეძლო, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოების შემადგენლობაში მოექცნენ და ევროპული რეფორმები დაპყრობილ ქვეყნებში დამპყრობელი ქვეყნების მეშვეობით მაინც გატარდა. ყოველივე აქედან ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპულ სტილზე გარდაქმნას ნებისმიერი ქვეყნისთვის.