ალავერდის მონასტერი
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე კახეთი, მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. იგი გამოირჩევა ღირშესანიშნავი ძეგლების და ნაგებობების სიმრავლით. მათგან მე გამოვარჩევდი ალავერდის მონასტერს რომელიც საქართველოს VI საუკუნიდან ამშვენებს. დაარსებულია იოსებ ალავერდელის მიერ (ერთ-ერთი 13 ასურელი მამათაგანი). ის მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის ფონზე, რომელიც მუდმივი თოვლით არის დაფარული. ალავერდის მონასტერი საქართველოს უდიდეს ეკლესიად ითვლებოდა მანამდე, სანამ სამების საკათედრო ტაძარი აიგებოდა.
ალავერდის მონასტერი გამოირჩევა იმითაც, რომ აქ დაკრძალულნი არიან კახეთის მეფენი: ალექსანდრე I, ალექსანდრე II, თეიმურაზ I, აგრეთვე აქ დასვენებულია ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი. აქვეა განსაკუთრებული სამარხიც, რომელსაც არქეოლოგებმა 2009 წლის დეკემბერში მიაკვლიეს, ის ტაძრის ჩრდილოეთ კედელშია მოთავსებული და გამოყოფილია მწვანე ქვის ზოლით, ვარაუდობენ, რომ ეს საფლავი ტაძრის დამაარსებლის - იოსებ ალავერდელის უნდა იყოს. როცა კახეთს შაჰ აბასი შემოესია, მეფე თეიმურაზ I-მა ალავერდის ტაძრის ხატები სვეტიცხოველში გაგზავნა შესანახად. ეს ხატები ალავერდს დაუბრუნა თეიმურაზის შვილიშვილმა - ერეკლე მეორემ. XVI საუკუნეში იგი აღადგინა კახეთის მეფე ალექსანდრე პირველმა. მოგვიანებით კახეთის მეფე ლევანმა შეაკეთა მიწისძვრით დაზიანებული გუმბათი. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები. ალავერდში ასევე ყოველწლიურად იმართება ტაძრის დღეობა ,,ალავერდობა" ამას თან ახლავს სახალხო დღესასწაული.
ჩემი აზრით, ალავერდის მონასტერი ევროპული მემკვიდრეობის სიაში უნდა შევიდეს თუნდაც იმიტომ, რომ ის ერთ ერთი უძველესი კულტურული ძეგლია (ახ.წ). იგი მრავალჯერ დანგრეულა მტრის შემოსევებისა და ძლიერი მიწისძვრების შედეგად.მონასტერი არაერთხელ შეკეთდა, თუმცა მაინც შეინარჩუნა პირვანდელი სახე. 2011 წლის ივნისში ხანგრძლივმა წვიმებმა ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც XIII საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება და ასევე საფრთხე ემუქრება ტაძრის მდგრადობასაც, რაც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, რადგან საუკუნის ფრესკებს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა თავისი სისხლის ფასად შემოგვინახეს გაფრთხილება სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ალავერდის ტაძრის შესახებ მთელმა ევროპამ უნდა იცოდეს (და არა მხოლოდ ევროპამ) რადგან აქ ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან თავმოყრილი ფრესკები და სიძველეები.ალავერდის ტაძარი უნდა გავაცნოთ მთელ მსოფლლიოს და გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ტაძარში. იაკობ გოგებაშვილი ამბობდა: „ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერის სარწმუნოებისა და ხელოვნებისა უწინდელ დროში არის ალავერდის ტაძარი“.