ქვევრი- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
Vue d'ensemble
მრავალი საუკუნეების განმავლობაში არსდებოდა და ვითარდებოდა სხვადასხვა ცივილიზაციები, რომლებიც თავისი განვითარების კვალდაკვალ ქმნიდნენ რაღაც ახალს, რაღაც განსაკუთრებულს და გამორჩეულს სხვა საზოგადოებისგან. ეს ქმნილებები იყო ის დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც ამ ხალხს გამოარჩევდა და დასამახსოვრებელს გახდიდა. ეს იყო ნიშანი, რომლითაც მათ შეეძლოთ საუკუნეები ეარსებათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს თუ ის ცივილიზაცია არსებობას შეწყვეტდა. მომდევნო პერიოდში, როდესაც განსხვავებული საზოგადოება მათ ნამუშევრებს გაეცნობოდა, მიხვდებოდა და დააფასებდა თუ რა დიდი ადამინები და მათგან შექმნილი ცივილიზაციები არსებობა მათ გარშემო. ეს ყველაფერი, ეს განმასხვავებელი ნიშნები არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ნებისმიერი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი და ნებისმიერი ადამიანისთვის საამაყო. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც სხვა შენს ნაშრომს აფასებს და ასევე, არაფერია იმაზე საინტერესო გაეცნო შენი „მეგობრის“ საინტერესო ნაშრომს.
ისტორიამ მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ეგზემპლარი შემოგვინახა, რომლებიც თავისი წარმოუდგენელი ხასიათით, ხიბლით და მძვინვარებით მნახველს ყოველთვის აოცებდა და აოცებს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოსახლე ცივილიზაციების: ოლმეკების, მაიას, აცტეკების და ინკების მიერ შექმნილი კულტურა საუცხოო სანახავია. გიგანტური ადამიანის თავები, კალენდართა სისტემა, ლეგენდარული ქალაქი მაჩუ-პიქჩუ, ეს ის მრავალთაგანია რომლითაც ისინი გამოირჩევიან. ეგვიპტის პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, ვიკინგების ეპოქის ძეგლები ლატვიაში და მრავალი სხვა, ეს კულტურა ძვირადღირებულია, რომელიც სხვადასხვა ხალხმა შემოგვინახა.
მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნოტრ-დამის, იგივე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ. სამწუხაროდ სულ ახლო წარსულში საფრანგეთში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის გამო განადგურდა. ტაძრის მშვენიერება მის უნიკალურობაში მდგომარეობს. ტაძრის მშენებლობა 1163 წლიდან დაიწო. მშენებლობის პერიოდი საკმაოდ ხანგძლივი იყო, თითქმის მთელი გოთიკური პერიოდი და იგი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი გოთიკური ტაძარი. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევს უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მრავალი ქრისტიანული რელიქვია ინახება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტეს ეკლის გვირგვინი, ჯვრის ფრაგმენტი და ლურსმანი. საბედნიეროდ, კარგი დაცულობის გამო გვირგვინი ხანძარს გადაურჩა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სიწმინდეები, რომლებიც ტაძრიდან რესტავრაციის დაწყებამდე იყო გატანილი.
ფაქტი მსგავსი სიწმინდის და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ შემზარავი და დამთრგუნველია. უყურო იმას თუ როგორ ნადგურდება უმშვენიერესი ქმნილება, რომლის ნახვის სურვილი და მოწოდება ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს გააჩნდა, მარტივი არ არის. ხელოვნების ნიმუში, რომელთანაც მრავალი ისტორია და მოგონებაა დაკავშირებული მის ფასს კიდევ უფრო ზრდის და დანაკლისს კიდევ უფრო ამძაფრებს. ნათქვამია „ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული“... შენ ეს იცი, უბრალოდ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იმედოვნებ, რომ ხანდახან ეს ასე არ იყოს...
ყველაფრის მიუხედავად, ამ მძიმე მომენტებში მაინც შეგიძლია დაინახო ის იმედის ნაპერწკალი, რომელიც რწმენას დაგიბრუნებს და ასე თუ ისე პოზიტიურად განგაწყობს. ეს კი ხალხთა ერთობლიობაა. გაერთიანებული ხალხი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ერთ საერთო მიზანს ემსახურებიან. ერთია მომსწრე გახდე ასეთი მოვლენის და ერთია შეიგრძნო თუ რა დიდი მნიშვნელობის მქონეა კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიოსთვის. ეს ის არის, რაც ხალხს გააერთიანებს, ერთ მუშტად შეკრავს. ეს კი უკეთესი საზოგადოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სწორედ მსგავსმა საზოგადოებამ შექმნა ეს ძეგლები და სწორედ ისინი დაიცავენ და გადაარჩენენ მათ.
ახლა კი მინდა გიამბოთ ერთი პატარა და დიდი პოტენციის მქონე ქვეყნის, საქართველოს შესახებ. საქართველო ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ულამაზეს შავ ზღვასა და კავკასიონს შორის მოქცეულ ტერიტორიას ეწოდება. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა ყოველთვის რთული ვითარების ქვეშ იყო მოქცეული, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველომ და მისმა ხალხმა არაერთი საინტერესო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შემოგვინახა. ასეთი მრავალია, მაგალითად: სამი ანბანური დამწერლობა, „დედაენა“, ქართული ჭიდაობა, სხვადასხვა ცეკვა და ა.შ, მაგრამ დღეს მინდა ერთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანზე ვისაუბრო. ნივთზე, რომლის გავლენაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტკბილად შეიგრძნობა. საქართველოში, როგორც სხვაგვარად უწოდებენ „ვაზის ქვეყანა“, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცეოდა ყურძენს, მის დამუშავებას და მისგან გამორჩეული ღვინის დამზადებას. საქართველოში ამისთვის განსაკუთრებული მეთოდი არსებობდა, რომელიც ქართულ ღვინოს და მის დამუშავებას განასხვავებს ევროპის თუ სხვა ქვეყნების ტრადიციებისაგან. ეს მეთოდი ქვევრის გამოყენებას უკავშირდება. ქვევრი კვერცხისებური ფორმის, კონუსური ძირის მქონე თიხის ჭურჭელია, ვიწრო ყელითა და დისკოსებური თავით. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ.წ VI-V ათასწლეულებს. ქვევრის დამზადება ოდითგანვე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმედ ითვლებოდა. ქვევრის ყველა ნაწილს სხვადასხვა კონკრეტული სახელიც კი გააჩნია, რომლის თითოეულ ნაწილს კონკრეტული, მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს. ქვევრის დამზადებას საშუალოდ სამი თვე სჭირდება. ძირითადი დრო მის ამოშენებასა და გაშრობაზე იხარჯება. ქვევრის ამოშენების შემდეგ, მათ საგანგებო ღუმელში ათავსებენ, სადაც გამოწვის ურთულესი ეტაბი იწყება. ქვევრების დამზადების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურას. მისი გამოწვა საკმაოდ კონფლიქტური საკითხია. ქვევრი დაახლოებით 900 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა იქნეს დამზადებული. საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ ამზადებდნენ ჩვენი წინაპრები 8000 წლის წინ მაღალი ხარისხის მქონე ქვევრებს, რომლის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. ქვევრის ტევადობა რამდენიმე ასეული ლიტრიდან იწყება და რამდენიმე ტონას აღწევს. განაკუთრებით დიდი ზომის ქვევრებით კახეთი გამოირჩევა, სადაც შესაძლოა 6-8 ათასი ლიტრის ტევადობის ქვევრის ნახვაც. ქვევრის ღვინო ზოგადად გულისხმობს ყურძნის ტკბილის გარკვეული რაოდენობის ჭაჭასთან დადუღებას, დაღვინებასა და შემდგომ დავარგებას. პირველი და მნიშვნელოვანი წესი ქვევრში ღვინის დაყენებისა არის ქვევრში ღვინის დაყოვნება თავისივე ჭაჭაზე, როგორც ალკოჰოლური დუღილის, ისე მის შემდგომ პერიოდშიც. ღვინის დაყენების ტექნოლოგია საქართველოს რეგიონებში განსხვავებულია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ის განსაკუთრებული წეს-ჩვეულებები გააჩნიათ, რომელიც ღვინოს სპეციფიურს, გემრიელს და განსხვავებულს ხდის. საქართველოში აგრეთვე არსებობს ქვევრის ღვინის გამორჩეული სახეობა- მონასტრის, ე.წ „ზედაშოს“ ღვინო. ესაა წითელი ღვინო, რომელსაც გამოიყენებენ საეკლესიო რიტუალების დროს. ზედაშის ღვინის დაყენება დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ღვინისგან. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ სჭირდება არანაირი დანამატი, მხოლოდ გარკვეული დრო, რომელიც მას სასიამოვნოს და არომატულს ხდის, სწორედ ისეთს, როგორიც ეკლესიის ღვთაებურობას შეესაბამება.
ქვევრი ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევა. როგორც ზემოთ ვთქვით, ტემპერატურა და დრო გასაღებია განსაკუთრებული ღვინის დამზადებაში. ქვევრიც სწორედ ამაში გვეხმარება. ქვევრს აქვს უნარი, რომ უცვლელი ტემპერატურა შეინარჩუნოს. ასევე, იგი არამარტო დასადუღებელი და დასავარგებელი ჭურჭელია, არამედ იგი შენახვისთვისაც გამოიყენება. ქვევრში ღვინო 20-30 წელიწადს ძლებს, რომლის ყოველ წელს ღვინო არაერთ უნიკალურ თვისებას და არომატს იძენს.
ქვევრს, ამ უნიკალურ ჭურჭელს, 2012 წელს როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობა ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის და ის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არის, რომ იუნესკო განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა ამ საკითხს და ქართული ქვევრი და მისი გამოყენებით ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
გასაკვირი არ არის რომ ქვევრი არამარტო საქართველოში არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული. იტალიაში ღვინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მის ზოგიერთ ნაწილში ჯერ კიდევ იყენებენ ქვევრს, როგორც ღვინის დასამზადებელ საშუალებას. ქვევრი, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იტალიელმა დრამატურგმა, რომანტიკოსმა პოეტმა ლუიჯი პირანდელომ თავის მოთხრობაში დიდი როლი მიუძღვნა მას.
საქართველოში, რა საკვირველია, ქვევრი უფრო აქტუალური და თვალშისაცემია. ამის ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი მაგალითია ირაკლი კვირიკაძის მიერ, 1970 წელს გადაღებული ფილმი სახელად „ქვევრი“. ეს ფილმი სწორედ ზემოთ ხსენებული, ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი კომედიაა, რომელშიც ვითარება ხდება ერთ კახელი ადამინის ოჯახში, რომლის გატეხილი ქვევრის შემკეთებელი შემთხვევით მასში იჭედება. შემდგომ ასახული მოვლენები კარგად დაგანახებთ იმ ფაქტს, რომ კარგი ქვევრი ხანდახან ადამიანის ფასსაც კი უტოლდება.