ევროპული რეფორმების მნიშვნელობა

Année
2019
Storyteller
Nom de la personne à contacter
Besik Nadiradze
Participants
Share:
Vue d'ensemble
დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, კარგია თუ არა ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოება. ზოგი ამის მომხრეა, ზოგიც მოწინააღმდეგე. მაგრამ ევროპული ცივილიზაციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების მიუხედავად ისტორიული ფაქტი ერთია: შუა საუკუნეების შემდეგ მხოლოდ ის ქვეყნები განვითარდნენ და მხოლოდ ის ხალხები წავიდნენ წინ, რომლებმაც ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა და რეფორმირება შეძლეს. ხოლო ის ქვეყნები და ხალხები, რომლებმაც ეს ვერ მოახერხეს, არამედ თავიანთ წარსულში ჩარჩნენ უკეთეს შემთხვევაში განვითარებული სახელმწიფოების კოლონიებად გადაიქცნენ, ხოლო უარეს შემთხვევაში საერთოდ განადგურდნენ. ამიტომ ნებისმიერი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ძალიან მარტივი არჩევანი დგას: ან ევროპულ ყაიდაზე რეფორმირება და გარდაქმნა, აქედან გამომდინარე განვითარება და წინსვლა, ან ცხოვრება დრომოჭმული-შუა საუკუნეობრივი შეხედულებებით, ტრადიციებით, წეს-წყობილებითა და ტექნოლოგიებით, აქედან გამომდინარე ჩამორჩენილობა, სიბნელე, სიღატაკე და მონობა. ხოლო თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ასე არ არის, დაასახელოს თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა ევროპულ რეფორმებსა და გარდაქმნებზე და ამ ქვეყანამ ახალ დროში რაიმე წარმატებას მიაღწია. არსებობს ასეთი სახელმწიფო სადმე მსოფლიოში? მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ გარდაქმნა რუსეთი ევროპულ ყაიდაზე იმპერატორმა პეტრე პირველმა მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში და რა შედეგები მოუტანა ამან რუსეთს და მთელ მსოფლიოს. რუსეთის პირველმა იმპერატორმა პეტრე დიდმა რუსეთში მრავალი რეფორმა გაატარა. ეკონომიკაში, განათლებაში, მეცნიერებაში კი რეფორმები ზედაპირულ ხასიათს ატარებდა. რადგან ბატონყმობის შენარჩუნებისა და განმტკიცების პირობებში ძირეული გარდაქმნები ამ სფეროში შეუძლებელი იყო. ამიტომაც ვერ იქნა დაძლეული ჩამორჩენა ევროპის მოწინავე ქვეყნებთან შედარებით. ევროპაში ” დიდი ელჩობის” დროს პეტრე პირველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი ევროპულ ყაიდაზე უნდა გარდაექმნა. პეტრე პირველი დიდად ზრუნავდა რუსი ახალგაზრდობის განათლებაზე. ის აარსებდა სამეცნიერო დაწესებულებებს. განათლების მისაღებად პეტრე ახალგაზრდობას საზღვარგარეთ გზავნიდა. წერა-კითხვის გავრცელების გასაადვილებლად პეტრემ ხუცურ-სლავური შრიფტის ნაცვლად გამარტივებული და ადვილად მოსახმარი სამოქალაქო ანბანი შემოიღო. პეტრე დიდის დროს აიგო ბევრი მანუფაქტურა, ანუ ძველებური ქარხანა. ვაჭრობის განვითარებას ემსახურებოდა ბალტიის ფლოტისა და სამდინარო არხების მშენებლობა. პეტრე I-მა ბალტიის ზღვაზე ნევის შესართავთან დაიწყო დიდი სანავსადგურო ქალაქის მშენებლობა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან თავი მოუყარეს ათიათასობით გლეხს და ხელოსანს. ჭაობიან ადგილას აიგო ახალი ქალაქი, რომელსაც სანქტ-პეტერბურგი ეწოდა. 1721 წლიდან სანქტ პეტერბურგი რუსეთის დედაქალაქი გახდა. პეტრე პირველმა პეტერბურგის დაარსებიდან გარდაცვალებამდე მრავალი ცვლილება გაატარა. შეიქმნა მეფის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო სენატი და 12 კაციანი კოლეგია. თითოეული კოლეგია მმართველობის რომელიმე დარგს ედგა სათავეში. ჩამოყალიბდა სამხედრო, საადმირალო და საგარეო საქმეთა კოლეგიები. პეტრე I-მა გააუქმა პატრიარქობა, სამღვდელოება დაექვემდებარა სამღვდელოების კოლეგიას, ანუ სინოდს. პეტრე დიდმა სახელმწიფო დაყო 8 გუბერნიად. შემდგომში გუბერნიების რაოდენობა გაიზარდა. გუბერნატორებს დიდი ფუნქციები ჰქონდათ. სახელმწიფო ხაზინის შევსების მიზნით გატარდა საგადასახადო რეფორმები. აღწერეს გადასახადებით დასაბეგრი მამრობითი სქესის მოსახლეობა. თავადაზნაურობა და სამღვდელოება არ იბეგრებოდა. შემდგომში შეამოწმეს აღწერის სისწორე - ჩაატარეს რევიზია. აქედან მოყოლებული დროდადრო მართავდნენ დასაბეგრი მოსახლეობის აღწერას-რევიზიას. დაწესდა სულადობრივი გადასახადები. პეტრე პირველმა გააძლიერა ბატონყმობა და განამტკიცა მემამულეების მდგომარეობა. ამავდროულად ის თავადაზნაურებისგან მუდმივ სავალდებულო სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურს მოითხოვდა. ამაგვარად პეტრე დიდმა შექმნა პროფესიული არმია, ჯარის რიგითები შედგებოდნენ დაბალი ფენებისაგან, ოფიცრობა კი თავადაზნაურობისაგან შედგებოდა. პეტრე დიდის სამხედრო და სახელმწიფო რეფორმებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის უძლიერეს სამხედრო-ტოტალიტარულ, ანუ ძალადობაზე დაფუძნებულ იმპერიად ჩამოყალიბებაში. აქ ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ეს რეფორმა პეტრემ რუსეთში დასავლური ძალების დახმარებით გაატარა. ყველა დიდი გამარჯვება, რომელიც რუსეთმა მოიპოვა, იქნებოდა ეს ნაპოლეონთან თუ მეორე მსოფლიო ომში, მოიპოვა სწორედაც რომ ევროპულ ძალებთან კავშირში. ხოლო ყოველთვის, როცა რუსეთი დასავლურ ძალებს დაუპირისპირდა, მაგალითად ყირიმის ან ცივ ომში, მარცხი იწვნია. დღესაც, რუსეთის ხელისუფლების მთელი ანტიდასავლური ლაპარაკის მიუხედავად, ამ ქვეყნის მმართველთა ფულები ევროპის და აშშ-ს ბანკებში ინახება და გავლენიანი რუსების შვილებიც დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლობენ. რაც შეეხება რუსეთიდან შემოტანილ ანტიევროპულ იდეებს, მთელი ეს აბდაუბდა გულუბრყვილო ადამიანებისთვის არის გამოგონილი, რათა რუსეთის ყოფილმა გუბერნიებმა უარი თქვან განვითარებაზე და დარჩნენ ყრუ პროვინციებად რუსეთის ბოლოში, იმპერიის უკანა ეზოდ. თორემ ის რომ ევროპული ცივილიზაციისგან მოწყვეტა არცერთ ქვეყანას და ხალხს სიკეთეს არ მოუტანს თვითონ რუსებმა ძალიან კარგად იციან. სამწუხაროდ, იმავე მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოში ვერ მოხერხდა ევროპული რეფორმების გატარება. ერეკლე მეორის დიდი მცდელობის მიუხედავად ვერც მუდმივი ჯარი შეიქმნა და ვერც სახელმწიფოს ცენტრალიზაცია მოხერხდა. შედეგად კი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობა და რუსეთის გუბერნიად გადაიქცა.