ის რაც გვეამაყება
Vue d'ensemble
საქართველო უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელმაც გაუძლო უამრავ განსაცდელს, მტერს და მის რისხვას. ქვეყანა რომელიც სისხლით და ხმლით დაცული, ჩვენმა წინაპრებმა XXI საუკუნემდე მოიტანეს. საქართველო პატარა, მაგრამ ძლიერი ქვეყანაა. გამოირჩევა განსაკუთრებული მდებარეობით, ბუნებით, ხალხით, რელიეფით, ეთნიკური მრავალფეროვნებით, ტრადიციებითა და ასე შემდეგ.
საქართველო ევროპაში მდებარეობს იმიტომ, რომ კავკასია გეოლოგიური აგებულების თვალსაზრისით ერთი მთლიანი ოლქია, მისი საზღვარი პირობითად თურქეთსა და ირანს ემიჯნება. ამ მიდგომით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი და მათთან ერთად საქართველოც ევროპაში მდებარეობს.
ევროპა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გლობალურ ეკონომიკაში, პოლიტიკასა და აგრეთვე ისტორიაშიც. ევროპა მზარდი და ცვალებადი მრავალფეროვანი კონტინენტია. „ერთი დიდი ოჯახი“, რომელშიც შედის ისეთი ძლიერი და განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, რომი, პორტუგალია და ა.შ. ევროპის თითოეული ქვეყანა განვითარების მაღალი დონით, ეკონომიკით, მოსახლეობით, პოლიტიკით, ეთნიკური და სოციალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ევროპა არის ის კონტინენტი, რომელიც იცავს ჩემი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და ბუნების ძეგლებს. ასეთი ორგანიზაციაა იუნესკო, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში, რომელიც შეიქმნა 1945 წლის 16 ნოემბერს. 1972 წლიდან მან მიიღო კონვენცია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლთა დაცვის შესახებ. იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს დამცველობით პროგრამებს კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით. მილიონობით ქვეყანას შორის ჩემი პატარა ქვეყანა საქართველოცაა: გელათის მონასტერი, რომელიც ქალაქ ქუთაისში დავით აღმაშენებლის თაოსნობით 1106 წელს აიგო. ეს მონასტერი ყოველ დღე ათასობით სტუმარს მასპინძლობს, მათ შორის უცხოელ ტურისტებს და ის ყველა ადამიანში დიდ აღფრთოვანებას იწვევს. სწორედ ამიტომ გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში არის შეტანილი. მასთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილია ნიკორწმინდის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდის მონასტერი, შატილი, ოკაცეს კანიონი, სათაფლია, ბორჯომ-ხარაგაულის და კიდევ სხვა უამრავი ბუნებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობა.
ალბათ ბედნიერია ის ქვეყანა, რომელიც ევროპაში მდებარეობს ან მჭიდრო ან მტკიცე კავშირი აქვს მასთან.
ჩემი აზრით, ევროპული მემკვიდრეობა ძალიან ღირებულია მთელ მსოფლიოში. ევროპის თითოეული ქვეყნის არქიტექტურა, ტრადიციები, რელიეფი, სილამაზე, ბუნება, ეთნიკური და ეკონომიკური სიძლიერე და მრავალფეროვნება, მართლაც რომ არაჩვეულებრივია.
საფრანგეთი, „მოდის და სიყვარულის“ სახელმწიფო, დედაქალაქი პარიზი. იგი ყოველ წელს მილიონობით სტუმარს მასპინძლობს. საფრანგეთს უამრავი ღირსშესანიშნაობა გააჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ნაგებობა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია, სადაც 1804 წელს იმპერატორ ნაპოლეონმა თავისი ხელით გვირგვინი დაიდგა. აქვე ინახება საქართველოს განსაკუთრებული მეფის, დავით IVაღმაშენებლის ძელიცხოვლის ნაწილისგან შექმნილი ჯვარი. საინტერესოა, როგორ მოხვდა დავით მეფის ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში? ცნობილია, რომ ჯვარი თან ჰქონდა დედოფალ რუსუდანს, დავით მეფის პირველ მეუღლეს, სწორედ მან მიჰყიდა ჯვაროსნებს და ამით იხსნა იერუსალიმის ეკლესიები გაკოტრებისგან. საფრანგეთის რევოლუციის დროს ტაძარი გაიძარცვა, მაგრამ ქართული რელიქვია გადარჩა.
ევროპა მთელი მსოფლიოს საერთო სახლია. ალბათ გაინტერესებთ რა არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ის მახასიათებელი, რომელიც აქცევს მას უნიკალურად, ან აკავშირებს ევროპულ ქვეყნებთან. ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, ძალიან მარტივია. საქართველოს კულტურის ერთ-ერთი ნაწილი ქართული სუფრა და ქართული ტრადიციული მეღვინეობაა. სწორედ ეს ორი რამ აქცევს მას უნიკალურად და აკავშირებს სხვა ევროპულ ქვეყნებთან. ქართული ღვინო სწორედაც, რომ უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 8 000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ჯერ კიდევ VII-VI ათასწლეულებს განეკუთვნება ქვემო ქართლში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, ასევე VI-V ათასწლეულებით ჩვენს ერამდე, აღმოჩენილია ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს ქართველები იცნობდნენ ვაზის კულტურას. ასევე, ჩემს ქვეყანაში არსებობს „ვაზის ჯვრის კულტი“, როდესაც წმინდა ნინომ თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და ამით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. აღსანიშნავია, რომ ვაზის ჯვრის კულტი არცერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს.
საქართველოში ღვინის არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულს წყაროებში. ქსენოფონტეს აზრით, „ კოლხების ღვინო სურნელოვანი და საამო იყო“. სტრაბონის ცნობით, „იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ისეთი მოსავალი მოდიოდა, რომ მისი სრულად მოხმარება არ შეეძლოთ“ . ისიც ცნობილი, რომ მესხებს ღვინო ექსპორტზეც გაჰქონდათ, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საქართველოს ჰქონია სხვადასხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირი და ჩვენი ტრადიცია ოდითგანვე ცნობილი ყოფილა მსოფლიოში.
ქართველების ვაზისადმი სიყვარული მტრისთვისაც იმდენად კარგად იყო ცნობილი, რომ თემურ ლენგმა საქართველოში თავისი მეხუთე ლაშქრობის დროს კახეთში ვაზი თავის ჯარს მთლიანად გააჩეხინა. თუმცა მიზანი განუხორციელებელი დარჩა და უდიდესი ზიანის მიუხედავად, ქართველმა გლეხმა არათუ აღადგინა ვაზის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ ვაზის ყველა ჯიშის გადარჩენა შეძლო. მრავლისმეტყველია ის ფაქტიც, რომ შაჰ-აბასის ირანში კახეთიდან ღვინო ხარკის სახით გაჰქონდათ, ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა იმ ეპოქისთვის და შაჰის კარზე ქართლ-კახური ღვინო „ედემის სითხედ“ იწოდებოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული ღვინო უძველესია ევროპაში, ამ მხრივ საფრანგეთს, რომელიც ღვინის სამშობლოდ ითვლება დიდ კონკურენციას უწევს ჩემს ქვეყანას.
დღეს ქართული ღვინო ძალიან განთქმულია, ქართული სუფრა მის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. ქართული ღვინო, ვაზი ჩვენი ტრადიციაა, საქართველოს სიამაყე, იმ პატარა საქართველოს სიამაყე, სადაც მთელი დედამიწაა ჩატეული. ღვინო ქართველების სიწმინდეა, დაუშრობელი, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს არასდროს გაქრება ქართველი გლეხი გულიდან და ფესვებიდან. სწორედ ქართული ტრადიციული მეღვინეობის დამსახურებითაა საქართველო უნიკალური და დაკავშირებული ევროპასთან და მსოფლიოსთან. ჩემი პატარა ქვეყნის მემკვიდრეობა- „ხიდი წარსულსა და მომავალს შორის“.
ერთ ქართველს ისეთივე სიამაყითა და დამაჯერებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ ის არის ქართველი, მაშასადამე, ისარის ევროპელი, როგორც მეორე ქართველი აზიელობას დაიჩემებდა. კითხვა ასეთია, გვინდა კი ევროპა? პასუხიც მარტივია, რატომაც არა! თუმცა უფრო დავაკონკრეტებ და ვიტყვი იმ ქართველის მსგავსად, „ მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“.