სვანური ჩანგი და ჭუნირი

Année
2019
Storyteller
Nom de la personne à contacter
??????? ???????
Participants
Share:
Vue d'ensemble
იქ,სადაც მსოფლიო ცივილიზაციის უდიდეს მონაპოვარს ერწყმის და უერთდება ქართული ცივილიზაცია,იქ,სადაც ვაზისა და ხორბლის უძველესი სამშობლოა-თანამედროვე საქართველოში,ოდითგანვე გაისმის ქართული მრავალხმიანი საგალობელი, ქართველ შემსრულებლებთან და ქართულ საკრავებთან ერთად ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ერთ-ერთ უძველეს ქართულ საკრავზე,რომელიც დღეისათვის მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი-ჩანგზე. ჩანგი არის მოსაზიდსიმებიანი საკრავი,ფორმით სწორკუთხა. შუმერულ თიხის ფირფიტებზე ნაპოვნია სვანური ჩანგის მსგავსი საკრავი ინსტრუმენტის გამოსახულება. თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ შუმერული კულტურის ელემენტები უხვადაა გაბნეული ქართული,უშუალოდ კი სვანურ კულტურულ-ეთნოგრაფიულ ყოფაში, ამ მსგავსებაშიც გასაკვირი არაფერია. უფრო მეტიც-სვანური ჩანგი არამატო ანალოგიას პოულობს შუმერულ არფასთან,არამედ ემთხვევა კიდეც მას: სიმების რაოდენობა (6,7,9 ან უფრო მეტი), სევდიან ანდა სიმშვიდის მომგვრელ, საამურ-მელოდიურ ჰანგებზე მჟღერი, ორნამენტულ შემკულობაში ხარის თავის გამოსახულებით,ცხენის ძუისგან დამზადებული სხვადასხვა სიგრძის სიმებით. ჩანგი სვანეთში მეტად გავრცელებული საკრავია. მას ,,მწუხარების საკრავსაც'' უწოდებენ. ერთ-ერთი ადგილობრივი მთხრობელის სიტყვით,ჩანგზე უკრავენ მწუხარების შესამსუბუქებლად. ჩანგის სვანური სახელწოდება ,,შიმეკვშე'' (,,მოტეხილი ხელი'') ამგვარ თქმულებას უკავშირდება: ომში ერთადერთი შვილის დაკარგვით დამწუხრებულმა მამამ შვილის გამხმარი მკლავი ქნარივით მოღუნა,სიმებად მისივე ოქროსფერი თმა ჩააწნა და დღენიადაგ სევდიან ჰანგებს ამღერებდა.არსებობს სხვა გადმოცემაც: სვანების რწმენით,ნადირსა და მონადირეებს ქალღმერთი დალი მფარველობდა.ქალღმერთს უყვარდა მამაცი მონადირეები,მაგრამ თავისი საყვარელი ცხოველის მოკვლას არავის პატიობდა. ერთხელ, გულადი მონადირე ნადირობამ გაიტაცა და დალის რჩეული თეთრი ჯიხვის მოკვლა განიზრახა.ის-ის იყო მშვილდ-ისარი მოზიდა,რომ დალის რისხვამ უწია,ხელი გაუშეშდა და მკლავზე ძარღვები აეყარა.მას შემდეგ მონადირე ძარღვებს სიმებად მომართავდა,სოფელ-სოფელ დადიოდა და თავის თავგადასავალს სევდიან ჰანგებზე ამღერებდა.ასე გაჩენილა სვანური ჩანგი. სახელწოდება ,,ჩანგი'' წერილობით წყაროებში X საუკუნიდან გვხვდება. ქართულში იგი სპარსულიდან შემოვიდა და ქნარს ნიშნავს. მოკლედ რომ ვთქვათ,შუმერული არფა საფუძვლად უდევს როგორც თანამედროვე ევროპულ არფას,ისე ქნარს ანუ ჩანგს და ებანს... ის ასევე საფუძვლად უდევს ბერძნულ ლირას და ძველ ბერძნულ კითარასაც ,რომელსაც თავდაპირველად ოთხი სიმი ჰქონია, ძვ.წ.-ის VII ს-ის I ნახევარში კი ეს რაოდენობა შვიდამდე გაზრდილა და ასე თანდათანობით თვრამეტამდე მიუღწევია. ყოველივე აქედან დასკვნა,ძველმა შუმერებმა კაცობრიობას აჩუქეს ისეთი უნიკალური საკრავი,როგორიცა თანამედროვე არფა და რომლის ქართულ ნაირსახეობასაც წარმოადგენს სწორედ ჩვენი სვანური ჩანგი, იგივე ძველქართული ქნარი, რომელიც ძვ.წ-ის IV ათასწლეულით თარიღდება. არქაული საკრავია აგრეთვე ჭუნირიც.ის ქართული ჭიანურის სვანური ვერსიაა.ის სიმებიან-ხემიანი საკრავია,რომლის დასამზადებლადაც იყენებდნენ წიწვოვანი ხის ჯიშებს: ნაძვს,სოჭსა და ფიჭვს.ტარს კი არყისა და მუხისაგან ამზადებდნენ,ხოლო სიმებად ცხენის ძუას ხმარობდნენ.სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ჭუნირზე კაცების გარდა ქალებიც უკრავდნენ. სვანური ,,ჭუნირ'' თუშურის მსგავსად სამსიმიანია. სიმებს სახელები სიმღერის ხმებისა აქვს:,,კივ''-მაღალი ხმა, ,,მაჟოლ''-დამწყები და ,,ბან''- ბანი. ჭუნირი სვანეთში გავრცელებული რიტუალის- ,,სულის ამოყვანის'' ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო. როდესაც ვინმე სახლიდან შორს გარდაიცვლებოდა,სხეულს სახლში მოასვენბდნენ და შემდეგ იწყებდნენ ზრუნვას სულის დაბრუნებაზე. ამისთვის ჭუნირის კარგ დამკვრელს წაიყვანდნენ გარდაცვალების ადგილას,თან გაიყოლებდნენ მამალს,დაიწყებდნენ დაკვრას და მამლის დაყივლებამდე უკრავდნენ,რაც სულის დაბრუნების ნიშანი იყო. მსგავსი რიტუალის არსებობა დასავლეთ საქართველოში რაჭასა და სამეგრელოშიც დადასტურებულია,რაც ალბათ,ძველ ევროპასთან უფრო ახლო გეოგრაფიული მდებარეობით აიხსნება. საქმე ისაა,რომ ქრისტიანობამდელ სამყაროში მიცვალებულის სულზე ზრუნვის ამგვარი ფორმა ძველ ევროპულ,მაგ. ანტიკურ კულტურაშიც ვლინდება,როცა ყველასათვის კარგად ცნობილი ორფეოსი თავისი ქნარით ცდილობს ევრიკიდეს სულის ხსნას ჰადესის ბნელეთის საუფლოდან. ჭუნირი ხალხური გადმოცემით ჭირის საკრავია და მასზე მიცვალებულის დაკრძალვის წინა დღეს უკრავდნენ. დაკრძალვის რიტუალის ერთ-ერთი კომპონენტია აგრეთვე სვანური სამგლოვიარო საგალობელი ,,ზარი'',რომელსაც ჭუნირისაგან განსხვავებით მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. მაშასადამე,ფოლკროლით განთქმულ, ცეკვებში დახელოვნებულ, არწივთ-ჯიხვთ სამფლობელოში, სვანეთში, ჩანგიცა და ჭუნირიც ის უძველესი ხალხური საკრავებია,რომლებიც პირდაპირ კავშირებს ჰპოვებს ევროპულ კულტურასთან.