ლამპრობა

Année
2019
Storyteller
Nom de la personne à contacter
tamuna shaqarashvili
Participants
Share:
Vue d'ensemble
"გართობა და ხელოვნება", ამ თემატიკის გარშემო თუ დავიწყებ ფიქრს, საკმაოდ მრავლად მახსენდება ჩემ სამშობლოში დანერგილი ძველი ტრადიციები, რომელთა დიდი ნაწილიც, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობითაც ინარჩუნებს თავის ადგილს კულტურულ მემკვიდრეობაში. ამ მრავალი ტრადიციიდან ამოვარჩევ ერთ-ერთ უძველესს, ჩემთვის ყველაზე საინტერესოს, იდუმალსა და ამოუცნობს. ესაა "ლამპრობა", რომელიც დღევანდელობაში მხოლოდ ძველი ტრადიციების სადარაჯოზე თავგამოდებით მდგარ სვან ხალხშია შემორჩენილი. ლამპრობა თებერვლის დასაწყისში იმართება. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რადგან ის დამოკიდებულია ახალ მთვარეობაზე, შესაბამისად მოძრავია. უმეტესად კი თებერვლის შუა რიცხვებში იმართება და ხშირად მირქმის დღესასწაულს ემთხვევა. ლამპრობის მთავარი ატრიბუტი თავად ლამპარია, რომელსაც არყის, ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისგან ამზადებენ. ზემოთ მას იდუმალი ვუწოდე, რადგან დღემდე ზუსტად არ ვიცით საიდან მომდინარეობს, სად იღებს მისი წარმომავლობა სათავეს. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ლამპრობა მებრძოლთა დასათვლელად ეწყობოდა. ერთი ლამპარი ოჯახის აღსანიშნად ინთებოდა, ხოლო დანარჩენს იმდენს ანთებდნენ, რამდენი მამაკაციც იყო ოჯახში, რომელთაც ძალუძდათ საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს დაცვა. მეორე მოსაზრებას თუ გავყვებით, ეს ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათვეს, როცა ხალხი გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად კარგ მოსავალს, კაცის სულის გამრავლებას ევედრებოდა ღმერთს, ასევე ადრიანი გაზაფხულის დადგომას და კარგი ამინდების გამოთხოვას. და აი, მივადექით მესამე მოსაზრებას, რომელსაც ჩემი სუბიექტრი აზრით, ყველაზე მეტად ვემხრობი და რომლის მიხედვითაც ლამპრებს თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულს უთბობდნენ. ზემო სვანეთში ლამპრობას "სვიმონობა"-საც უწოდებენ. ლამპრობის განვითარებას, ერთ-ერთ ტრადიციას "ბერიკაობა-ყეენობას" ამსგავსებენ, რადგან აქაც ირჩევენ "კეისარს", მის "ცოლებს" და "ვეზირებს". ეკლესიაში სტუმრობის შემდეგ, ხალხი მასთან მიდიოდა, ვინც სვიმონობას(ლამპრობას) იხდიდა და მთლიანი თემის მასპინძელიც გახლდათ. იქ მისული თემობა სადიდებელ ჰიმნებს ასრულებდა, ხოლო შემდეგ დღესასწაულის მონაწილენი ანთებული სანთლებით კერას უვლიდნენ გარს, რომელსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა სხვადასხვა გასართობი თამაშები როგორებიცაა: ჭიდაობა, გუნდაობა, "ლამპრული". ხალხი საერთო ფერხულში ებმოდა. ახლა კი, მომყევით, ერთ-ერთ ლამპრობას ვეწვიოთ. მოსაღამოვდა, მზის ბოლო სხივები ათამაშდა ამოზიდულ მთათა მხრებზე, ფითქინა თოვლი ააბრჭყვიალა გარშემო მიმობნეულ ბრილიანტთა მსგავსად, მედიდურ უშგულს მოხიბლულნი უვლიდნენ სხივები გარს. ნელ-ნელა, ზემოთ-ზემოთ მიიწევდნენ და თითქოს თავზე ოქროს გვირგვინს ადგამდნენ. მზე დასავლეთით გადაიწვერა და საბოლოოდ მიეფარა თვალს. აცივდა, ისედაც მკაცრი კლიმატით გამორჩეულ სვანეთში, თანაც ზამთარში და მით უფრო მზის ჩასვლის შემდგომ ყინვა ძვალ-რბილში ატანს. თბილი ქურთუკი ჩავიცვი და მიმავალ ხალხს გავყევი, რომელთაც ხელთ ჩირაღდნების მსგავსად ეპყრათ ე.წ ლამპრები. თითქოს ძველ დროში გადავინაცვლე. ნათელი ღამე იყო, სავსე მთვარე თავმომწონედ გამოჰკიდებოდა ცის კაბადონს. მისი მუდმივი მეგზურნიც აქვე გახლდნენ. დიახ, სწორად მიმიხვდით, დარჩენილი ცა ვარსკვლავებს მოეჭედათ, ცის მბრწყინავ "ჭორფლებს", მის ულამაზეს სამკაულთ. მათ ცივ ციალს ლამპართა მოჩახჩახე, სითბოს მატარებელი შუქიც ემატებოდა. ჩემს გარშემო ესოდენ გაძლიერებული სინათლე მოშორებით ტერიტორიას თვალთახედვისთვის წყვდიადში ძირავდა. ამიტომ ვერაფერს ვარჩევდი, სანამ სასაფლაოს კარიბჭეში არ შევაბიჯეთ და შეჯგუფებული ხალხი ირგვლივ ტერიტორიაზე არ გაიშალა, თავიანთი წინაპრების საფლავებს მიაშურებდნენ. თოვლი უხვად იდო, ცას არ დაეშურებინა მიწაზე მოსაფრქვევად. საფლავებს გორებად მოსდებოდა თეთრი საბანი, რომელიც ოდნავ გადახადეს მიწას, რათა ლამპრები მოხერხებულად განეთავსებინათ მასზე. ღამის ყინვა ძლიერდებოდა. ლამპრის სიმხურვალე კი გარშემო თოვლს ალღობდა, უხვად აფრქვევდა სითბოს, და ეს სითბო თითქოს თოვლის საფარქვეშ შემონახულ მიწაში უხვად იღვრებოდა და იქ დასვენებულ ერთ დროს ჩინებულ მეომართა, მისაბაძ დედათა ძვლებს ედებოდა, ათბობდა, მათ... თითქოს მათი სულებიც შემოკრებილიყვნენ, მშობლიურ მიწა-წყალს დაბრუნებოდნენ და თავიანთ შთამომავლობას კეთილი ღიმილით დაჰყურებდნენ, თითქოს იმ მიწასა და ძვლებთან ერთად მათი სულებიც სითბოს ალში ეხვეოდა, კიდევ უფრო თბებოდა... მაგრამ ვინ იცის, იქნებ მათ ჩვენს მსგავსად არც სციოდათ... მათდამი ჩვენი ხსოვნა, მათდამი მიმართული ჩვენი სიყვარული ათბობდათ, ხოლო ამ ყველაფრის საერთო გამომხატველი ის აბრდღვიალებული ლამპარია, საფლავებზე რომ აბრიალებულა მხიარულად და უდარდელად... ლამპრობა, ესაა ხელოვნებაში არეული მისტიკა, მომნუსხველი სულით, დაუვიწყარი სანახაობითა და რაღაც არაამქვეყნიურის შეგრძნებით. ესაა კულტურა, რომელიც თაობებმა შემოინახა უხსოვარი დროიდან, რომლის მსგავსიც არ მეგულება მსოფლიოს სხვა კუთხეში. ესაა იდუმალებით მოცული ტრადიცია, რომელიც განასხვავებს საკუთარ თავს ყველა სხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციებისაგან და დამოუკიდებელია მათი გავლენისგან. სვანეთი მაღალმთიანი რეგიონია, რომელიც არა მხოლოდ ევროპისგან, არამედ ქვეყნისგან განცალკევებითაც კი აყალიბებდა თავის საკუთარ, უნიკალურ ტრადიციებს, რომელთაც ის მთათა იდუმალება, უბრალოებაში არეული განსაკუთრებულობა, ის სიმკაცრეში შეფარული სითბოს ფერები ეტყობათ. მე თუ მკითხავთ, ლამპრობა არაფერთანაა დაკავშირებული, გარდა საკუთარი თავისა და საკუთარი ორიგინალურობისა. აქ არც ევროპული გავლენა იგრძნობა, არც საერთო ევროპული ღირებულებები. მაშინ ალბათ იკითხავთ, საერთოდ რატომ გამოვაქვეყნე ეს სტატია და მე გიპასუხებთ, რომ ეს რაღაც სხვაა, რაღაც ამოუცნობი, საკუთარი ღირებულებების მქონე, რაც აუცილებელია გაიცნოს ევროპამ, მთელმა მსოფლიომ და ერთხელ მაინც შეიგრძნოს ის ამოუხსნელი, მისტიკური განცდა.